საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯები (2011-2017)

news_5902IDFI „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტს”, რომლის მიზანია სასამართლოს საქმიანობის ზოგადი მონიტორინგი და შეფასება, ასევე, პროფესიული დისკუსიების ხელშეწყობის გზით სასამართლოს შესახებ ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 11 აგვისტოს IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2012-2017 წლებში დასაქმებული თანამშრომლების და გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლომ კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ს სრულყოფილად მიაწოდა.

მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ქვემოთ წარმოდგენილია 2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და აპარატში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის მოხმარების და ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი. კვლევაში, ასევე მიმოხილულია სასამართლოს აპარატის საკადრო პოლიტიკა.

საკონსტიტუციო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფის და ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოში არსებული სუსტი ფინანსური კონტროლის ფონზე. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით 2014 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირი აუდიტორული შემოწმება არ ჩატარებულა.

დასაქმებული თანამშრომლები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის ტენდენციების ანალიზისას, ასევე მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში სასამართლოსთვის მიმართვიანობის/დატვირთულობის შეფასება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ სასამართლოში შესული კონსტიტუციური სარჩელების და წარდგინებების რიცხვი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს. მაგალითად 2012 წელს სასამართლოში დარეგისტრირდა 27 სარჩელი და წარდგინება, ხოლო 2016 წელს – 158. 2017 წლის საწყისი 8 თვის მდგომარეობით სასამართლოში დარეგისტრირებულია 384 სარჩელი და წარდგინება.

2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. კერძოდ, 2012 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 101 საშტატო და 2 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით – 76 საშტატო და 5 შტატგარეშე თანამშრომელი. 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხის მიხედვით, აპარატში განსაზღვრულია 73 საშტატო ერთეული. თუმცა, იმავე პერიოდისათვის შტატით ფაქტიურად დასაქმებული იყო 53 თანამშრომელი, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხვი გაზრდილია 31-მდე.

 

მიუხედავად იმისა რომ, 2017 წლის მდგომარეობით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მოქმედი საშტატო ნუსხის ანალიზი, კვლავ ეჭვქვეშ აყენებს აპარატის სტრუქტურის ოპტიმალურ და ეფექტიან ფორმირებას. კერძოდ, აპარატის საშტატოს ნუსხა აერთიანებს 7 სხვადასხვა დეპარტამენტს, რომელთა შორის ვხვდებით ისეთებს, სადაც მისი ხელმძღვანელის ჩათვლით დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი მხოლოდ 3-ს უტოლდება. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში საშტატო ნუსხით განსაზღვრულია მხოლოდ უფროსი და 2 მთავარი მრჩეველი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტში სულ 4 თანამშრომელი, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში სულ 5 თანამშრომელი.

მგავსი მოცულობის სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტის სტატუსით ფორმირება, წარმოშობს აპარატში დამატებით მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებს, რაც ხელს უწყობს ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას.

შრომის ანაზღაურების ხარჯები

2012 წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება ყოველწლიურად გარკვეულწილად იზრდება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულია 4,1 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2011-2017 წლებში საშუალოდ 75%) მიემართება მოსამართლეების და აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სასამართლოს გაზრდილი დაფინანსების პირობებში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 915,6 ათას ლარს. ეს თანხა ყოველწლიურად ეტაპობრივად იზრდებოდა და 2017 წლის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 2 762 ათასი ლარი.

წლების განმავლობაში თანამშრომელთა ოდენობის კლების ფონზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებდა როგორც ფიქსირებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მატება, ასევე სასამართლოში არსებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.

 

2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 7 000 ლარის ოდენობით, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის – 6300 ლარით, ხოლო სასამართლოს წევრის – 6000 ლარით. ამ ცვლილებამდე თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენდა 5 650 ლარს, მისი მოადგილის- 4 800 ლარს, ხოლო სასამართლოს წევრის – 4400 ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური სარგო ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოს საჯარო სექტორში, როგორც მიღებული მონაცემები აჩვენებს 2012-2017 წლებში მოსამართლეებზე დამატებით აქტიურად გაიცემოდა პრემიები და სახელფასო დანამატები. ამ პერიოდში მოსამართლეებზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია 2014 წელს 502,8 ათასი ლარი. წინა წლებთან შედარებით 2014 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშნელოვანი ზრდა განაპირობა სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით თითოეულ მოსამართლეზე ყოველთვიურად 4 335 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატის დანიშვნამ.  2014 წლის მიწურულს მოსამართლეების ყოველთვიური სარგოს ზრდის კვალდაკვალ, აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ყოველთვიური დანამატები გარკვეულწილად შემცირდა. კერძოდ,  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური სახელფასო  დანამატია 2985 ლარი, მისი მოადგილის და მდივნის   2835 ლარი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – 2735 ლარი.

2014 წლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის და სახელფასო დანამატების დანიშვნის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება. ამასთან, გარკვეული პერიოდულობით მოსამართლეებზე კვლავ შენარჩუნებულია თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიის გაცემის პრაქტიკა. მოსამართლეების პრემიით დაჯილდოების გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სამწუხაროდ, შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან არ ირკვევა თუ რა გარემოებებით არის განპირობებული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტული მოსამართლის პრემიით დაჯილდოების გადაწყვეტილება.

2012-2013 წლებში სხვადასხვა მოსამართლეებზე წლიურად გაცემული პრემიის ოდენობა 20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო 2014 წლის შემდეგ 9 ათასიდან 17 ათასამდე. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტულ მოსამართლეზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისას შესაბამისი დასაბუთების არ არსებობა აჩენს პრემიების არაობიექტური კრიტერიუმებით გაცემის მნიშვნელოვან რისკებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული დეკლარაციების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს იყო 102 850 ლარი, ხოლო 2015 წელს 131 802 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის ზაზა თავაძის 2012 წელს იყო 83 600 ლარი, ხოლო 2016 წელს 129 628 ლარი. შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა არის სხვა სასამართლოს წევრების შემთხვევაშიც. მაგალითად, თამაზ ცაბუტაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს შეადგენდა 76 800 ლარს, ხოლო 2016 წელს – 121 028 ლარი. ლალი ფაფიაშვილის შრომის ანაზღაურება 2012 წელს იყო 60 600 ლარი, ხოლო 2016 წელს ეს თანხა დაახლოებით გაორმაგდა – 122 428 ლარი.

2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ 2014 წლის შემდეგ მოსამართლეებთან ერთად, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები ასევე მნიშვნელოვნად გაეზარდათ აპარატის თანამშრომლებს. მაგალითად, 2012 წელს აპარატის 101 თანამშრომელზე თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემულია 861,1 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 76 თანამშრომელზე 1 181,6 ათასი ლარი. აპარატის თანამშრომლებისათვის ყოველთვიური სახელფასო დანამატები განსაზღვრული არ არის და დამატებითი ანაზღაურების ფორმად დამკვიდრებულია მხოლოდ პრემიის გაცემის პრაქტიკა. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაცემულია 2014 წელს – 480,3 ათასი ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანხები, აღემატება აპარატის ყველა თანამშრომელზე ერთად პრემიის სახით გაცემულ თანხას.

შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად 2012 წელს მსგავსმა ხარჯმა შეადგინა 7,6 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 75,8 ათასი ლარი. მსგავსი ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელია 2017 წელს, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აგვისტოს მდგომარეობით სასამართლოს აპარატის მთელი რიგი საშტატო თანამშრომლები გადაყვანილია შტატგარეშე თანამშრომლად და მათი რიცხვი 31-ს შეადგენს.

 

2017 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საკითხები. კანონის მოქმედება არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე. შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურება კვლავ დარეგულირდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას და არ აწესებს შეზღუდვებს პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების გაცემაზე.

ავტოპარკი

2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზე სულ ირიცხება 15 ავტომობილი, რომელთაგან 10 განპიროვნებულია  მოსამართლეებზე, ხოლო 2- განპიროვნებულია სამართლებრივი უზრუნველყოფის და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსებზე. ამასთან, როგორც წერილით ირკვევა სასამართლოს ბალანსზე ირიცხება 2001 წელს შესყიდული “mercedes benz ” e230 მოდელის  ავტომობილი, რომელიც დაკარგულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ძიებას.

2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლებაზე ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა 2017 წელს – 460,5 ათასი ლარი და 2016 წელს 179,5 ათასი ლარი. კერძოდ,  2016-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის შესყიდული იქნა 8 ავტომობილი. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია 2017 წელს 176 150 ლარად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის შესყიდული Toyota land cruiser -ის მოდელის ავტომობილი. სხვა მოსამართლეებისათვის 2016-2017 წლებში შესყიდულია Toyota CAMRY-ის და TOYOTA RAV 4 -ის მოდელის ავტომობილები, რომელთა შესყიდვის ფასი 55 ათასიდან 70 ათას ლარამდე მერყეობს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილების „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით, ყველაზე მაღალი კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ღირებულება (ავტომანქანის ფასს + 100 000 კმ-ზე საწვავის ფასი +სერვისის ღირებულება) განისაზღვრა 47,000$ ექვივალენტი ლარით. სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილის შესყიდვის დღეს (2017 წლის 6 თებერვალი) მოქმედი კურსით (2.6816), მთავრობის დადგენილებით დასაშვები ზღვრული ღირებულება შეადგენდა 126 035 ლარს. შესაბამისად, ამ ავტომობილის მხოლოდ შესყიდვის ფასი დაახლოებით 50 ათასი ლარით აჭარბებს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნებს. ცხადია, მთავრობის დადგენილების მოთხოვნები სავალდებულო სახით არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლებაზე, თუმცა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კარგი ადმინისტრირების სტანდარტი შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მათ შორის სასამართლოს მიერაც, როგორც ამას თვითონ დადგენილებაც უთითებს.

საწვავის ხარჯები

საწვავის ხარჯებთან მიმართებით ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2017 წლის 10 მაისის Nს/25 ბრძანება, რომელიც აწესებს საწვავის მოხმარების ლიმიტებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს საწვავის მოხმარების ულიმიტო შესაძლებლობა აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს დადგენილი აქვს 500 ლიტრიანი ლიმიტი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს 400 ლიტრი საწვავის მოხმარების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული რიცხობრივი მაჩვენებელი წარმოადგენს 300 ლიტრს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის შემთხვევაში, ხოლო 100 ლიტრს ეკონომიკური დეპარტამენტის შემთხვევაში.

2012-2016 წლებში საწვავის მოხმარებაზე ყველაზე მაღალი ხარჯი გაწეულია 2012 წელს 143,3 ათასი ლარი. 2014 წლის შემდეგ ეს ხარჯი ყოველწლიურად გარკვეულწილად იკლებს და 2016 წელს 100,5 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წლის საწყის 8 თვეში საწვავის ხარჯი შეადგენს 73 ათას ლარს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე განპიროვნებულ ავტომობილებზე დაწესებული საწვავის ლიმიტების მოცულობის შეფასებისას, მნიშნელოვანია გათვალისწინებული იქნას მოსამართლეთა ქალაქ ბათუმში საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები. კერძოდ, 2017 წლის შემდეგ დანიშნული მოსამართლეებისათვის გათვალისწინებულია სასამართლოს ბიუჯეტიდან ბინის ქირისთვის ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობის ქირის გადახდა , ხოლო 2017 წლამდე სახელმწიფო უზრუნველყოფდა მათთვის ბინების კერძო საკუთრებაში გადაცემას სიმბოლურ ფასად. შესაბამისად, სახელმწიფო სახსრებით საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის პირობებში, მნიშვნელოვანია საწვავის ლიმიტების იმ ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა, რაც აუცილებელია ქალაქ ბათუმში სამსახურებრივი მიზნით გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

წარმომადგენლობითი ხარჯები

2012-2017 წლებში სასამართლოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის საწყის 8 თვეში ფიქსირდება – 207 ათასი ლარი. მსგავსი ხარჯები უმეტესწილად დაკავშირებულია 2017 წელს გამართულ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის XVII კონგრესის მასპინძლობასთან. მაგალითად, ამ კონფერენციის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა – 27 575 ლარი, ასევე კონგრესის მონაწილეების შეხვედრასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია 19 200 ლარის ხარჯი.

სარესტორნოს მომსახურებაზე 2016 წელს ყველა დიდი ხარჯი – 2 134 ლარი გადახდილია შპს გრინ ინვესტისთვის სასამართლოს ახალი წევრების ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში. ხოლო 2015 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვეული სტუმრების ოფიციალურ მიღებაზე შპს “მეგრულ-ლაზური 2”-თვის 13 445 ლარი.

სამივლინებო ხარჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს 120,1 ათასი ლარი. მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებს და 2016 წელს 108, 7 ათასი ლარამდე შემცირდა.

2014-2017 წლებში ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯები გაწეულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილის ვიზიტებზე. მაგალითად, 2014 წელს სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის და ლალი ფაფიაშვილის ქალაქ სეულში 6 დღიან ვიზიტში ჯამში გადახდილია 17 396 ლარი.

2015 წელს გიორგი პაპუაშვილის ქალაქ ვენეციაში ერთ დღიანი ვიზიტის ხარჯმა შეადგინა 7 974 ლარი, საიდანაც მგზავრობის ხარჯი შეადგენს 5 480 ლარს. გიორგი პაპუაშვილი სამ დღიანი ვიზიტით ვენეციაში იმყოფებოდა ასევე 2016 წელს, რისმა ხარჯმაც შეადგინა 7 043 ლარი. მგზავრობის ხარჯი ამ შემთხევაში შეადგენდა 4 821 ლარს.

2017 წლის საწყის 8 თვეში ყველაზე დიდი თანხა 8470,2 ლარი დაიხარჯა 2017 წლის 22-27 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ვიზიტში სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნში.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების/თანამშრომლების მივლინებებს, ასევე უკავშირდება ე.წ. როუმინგული მომსახურების ხარჯები. როგორც ირკვევა, 2013 წლის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე  რიცხულ ნომრებზე განხორციელებული ე.წ.  როუმინგული მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად იკლებს.  კერძოდ, 2013 წელს მსგავსმა ხარჯმა შეადგინა 6712 ლარი, ხოლო 2016 წელს – 1350 ლარი.

დასკვნა/რეკომენდაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012-2017 წლების ფინანსური მონაცემების ანალიზის შედეგად კითხვები ჩნდება წლების განმავლობაში საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურ განკარგვასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში შესული საქმეების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის კლება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს წლების განმავლობაში სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსისა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების გონივრულ თავსებადობასთან დაკავშირებით.

ამასთან, მოსამართლეთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე პრობლემურად უნდა შეფასდეს წლების განმავლობაში შესაბამისი დასაბუთების გარეშე მოსამართლეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა. კერძოდ, 2012 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია დაახლოებით 2 მილიონი ლარი და ყოველწლიურად მათ პრემია/დანამატებზე უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომელზე ერთად.

საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვად შესაძლებელია შეფასდეს 2016-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ავტოპარკის განახლებაზე გაწეული ხარჯები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2017 წელს საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარისათვის 176 150 ლარად შესყიდული ავტომობილი, რაც შეუსაბამობაში მოდის საჯარო სექტორში ბოლო დროს ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციის კარგ პრაქტიკასთან.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში შიდა ფინანსური კონტროლის სამსახურის და შესაბამისი სრულფასოვანი მექანიზმების არარსებობა, მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. აღნიშნული რისკების შემცირების და სასამართლოს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს:

– საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას, მათ შორის, სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების მიზნობრიობის კონტროლს;

– საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიხედვით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულ ყოველთვიურ სარგოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს შესაბამისი დასაბუთების გარეშე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა;

– საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს ავტოპარკის ოპტიმალური განკარგვა. კარგი პრაქტიკის სახით, სასამართლოს მიერ მხედველობაში შეიძლება იქნას მიღებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესები;

– საკონსტიტუციო სასამართლომ უზრუნველყოს აპარატის საშტატოს ნუსხაში სტრუქტურული ერთეულების ოპტიმალური ფორმირება, რაც გამორიცხავს აპარატში მაღალი რანგის თანამდებობის პირების პოზიციების ხელოვნურ შექმნას და დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s